"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ზაზა თავაძე დღეს მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ თავაძეს ურჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას მას შემდეგ ეცადოს, რაც დოქტორი გახდება. ამ ტექსტით ირაკლი აბესაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა. აბესაძის თქმით, მას მაგისტრის დიპლომი არ აქვს და თავს მაგისტრად რომ თვლის, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. მან თავაძეს ის საგნები ჩამოუთვალა, რომელიც თავაძემ მაგისტრატურაში გაიარა და აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანი სამართალთან შემხებლობაში არ არის.
თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე აცხადებს, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს.