ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის აუცილებლობის საკითხი დააყენა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდს ეხება.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. ორივე სამუშაო ჯგუფში ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარეობა.