რეალურ ფაქტებსა და დოკუმენტებზე, სამართალდამცავთა ანგარიშებსა და სამხილებზე დაყრდნობით ფილმის გადაღებისას, რეჟისორს ყოველთვის უჭირს აუაროს გვერდი რეალობას და საკუთარი ინტერპრეტაციით მოუთხროს მაყურებელს კრიმინალური ისტორია. თუმცა, დეტექტივების ოსტატად ცნობილი დევიდ ფინჩერი, რომელსაც ყოველთვის კარგად გამოსდიდა ასოებით და ციფრებით, ფილმის ორაზროვანი სათაურით და ფარული ქვეტექსტით მაყურებლის დაინტრიგება, არა თუ გაურბის, პირიქით ზედმიწევნით ზუსტად, იშვიათი პედანტიზმით აღწერს სერიული მკვლელის ისტორიას და ცდილობს ამოხსნას სიუჟეტით ნაკარნახევი რებუსები და თავსატეხები, რადგან ფილმის „ზოდიაქო“ მთავარი პერსონაჟი არა უბრალოდ შეშლილი მანიაკი, არამედ შიფრისა და კრიპტოგრამის გენიოსია.
„ზოდიაქოს“ ფსევდონიმით ცნობილი გაწაფული მკვლელი, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა საკუთარ მსხვერპლს და შიშის ზარს სცემდა 1960-იანი წლების სან-ფრანცისკოს, პოლიციასთან ერთად პრესასაც მასხრად იგდებდა, რადგან ათობით წერილს უგზავნიდა ცნობილ გაზეთს San Francisco Chronicle-ს. „ძვირფასო რედაქტორო, თქვენ მკვლელი გწერთ“ - სწორედ ასე იწყებდა მანიაკი საკუთარ გზავნილს, რომელშიც უკვე ჩადენილი მკვლელობის დეტალებს, მორიგი სისხლიანი აქციის გეგმებს ამხელდა და რელიგიაზე, მორალსა და საკუთარ მისიაზე მსჯელობდა. მართალია, მსგავს წერილებს რედაქცია წლების მანძილზე ღებულობდა, მაგრამ დღემდე დაუდგენელია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, ისე, როგორც თავად მკვლელის ვინაობა. „პოლიცია ვერასდროს შეძლებს ჩემს დაჭერას, რადგან მე მისთვის ზედმეტად ჭკვიანი ვარ“, - სადისტური ცინიზმით წერდა „თანამედროვე ჯეკი-მფატრავი“, რომლის საქმე ისევ გაუხსნელია.
„ზოდიაქოს“ დაკავებას ერთის მხრივ, ინსპექტორი დევიდ ტოსკი ცდილობდა მეწყვილესთან უილიამ არმსტრონგთან ერთად, მეორეს მხრივ, San Francisco Chronicle-ის პუბლიცისტი პოლ ევერი, რომელმაც საკუთარი ჟურნალისტური გამოძიება წამოიწყო. თუმცა, შედეგი არცერთმა არ გამოიღო. მოუხელთებელმა მანიაკმა მკვლელობების სერიასთან ერთად წერილების წერაც გააგრძელა, რომლითაც მკითხველი პოლიციის ანგარიშსა და აივერის სტატიებზე მეტად ინტერესდებოდა. განსაკუთრებით დამთრგუნველი სან-ფრანცისკოელებისთვის „ზოდიაქოს“ მუქარა აღმოჩნდა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ სკოლის ავტობუსზე თავდასხმას და ბავშვების დახოცვას გეგმავდა. მართალია, პოლიციამ შეიარაღებული დაცვით უზრუნველყო ყველა ავტობუსი, მაგრამ მშობლებმა მაინც უარი თქვეს მცირეწლოვანი შვილების სკოლაში გაშვებაზე, „ზოდიაქო“ კი, სიამოვნებით ადევნებდა თვალს მოსახლეობის პანიკას და კმაყოფილებას არ მალავდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ზოდიაქოს“ გადარჩენილ მსხვერპლთა დახმარებით პოლიციამ მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინა და ხუთ ადამიანზეც მიიტანა ეჭვი, რომელთა მახასიათებლები ზუსტად დაემთხვა მკვლელის თავისებურებებს, მაგრამ სამხილები მაინც ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა. ამასთანავე, 1960-იანი წლების ბოლოს სამართალდამცავებმა 2 ათასამდე ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი გამოავლინეს, რომლებიც მანიაკის იმიტირებას და საკუთარი თავის „ზოდიაქოდ“ გასაღებას ცდილობდნენ.