ზეთი პატარების რაციონის აუცილებელი კომპონენტია. ზეთი უმთავრესად ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების უხვი შემცველობით ფასობს. ეს მჟავები აუცილებელია ადამიანის უჯრედებისთვის, რადგან აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გარდა ამისა, მცენარეული ცხიმი E ვიტამინის ძირითადი წყაროა, რომელიც ძალიან სასარგებლოა პატარებისათვის. განსაკუთრებით სასარგებლოა არარაფინირებული ზეთი - ის მდიდარია ფოსფოლიპიდებით, რომლებიც ხელს უწყობს ვიტამინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების ათვისებას. ზეთი საუკეთესო ნაღველმდენი საშუალებაა. გარდა ამისა, გამოირჩევა საფაღარათო მოქმედებით და, ამდენად, პირდაპირ ნაჩვენებია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც შეკრულობა აწუხებთ. უმჯობესია, უმთავრესად ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ - ის ნაკლებად ალერგიულია და, რაც მთავარია, სრულად აითვისება, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთისგან განსხვავებით.