იყიდება თუ არა დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატებით გაჯერებული კომბოსტო თბილისის ბაზარში, ნიტრტების საზომით გავზომეთ. ჩვენი შემოწმების შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში, კომბოსტოს ყველაზე გავრცელებულ სახეობაში ნიტრატების საზომმა, დასაშვებ ნორმაზე მეტი მაჩვენებელი დააფიქსირა. შეძენისას მომხმარებლების დიდი ნაწილი მსგავსი მეთოდით კომბოსტოს ვერ შეამოწმებს, ამიტომ მათთვის შემდეგი რჩევებია გასათვალისწინებელი. თუ კომბოსტოს მოხარშულს, მოთუშულს, ან შემწვარს მიირთმევთ სანერვიულოც არაფერია, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ნიტრატების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება. თუმცა უმად მირთმევამდე უმჯობესია ბროკოლიც და ყვავილოვანი კომბოსტოც მინიმუმ 20 წუთით წყალში გააჩეროთ, ღეროთი ზემოთ, ასეთი მოქმედების შემდეგ მასში 25 პროცენტიტ მცირდება ნიტრატები. ჩვეულებრივი კომბოსტოს შემთხვევაშიც შეგიძლიათ იგივე ხერხს მიმართოთ, თუმცა მანამდე მას გული უნდა ამოჭრათ, რადგან ყველაზე მეტი ნიტრატი სწორედ გულში იყრის თავს, გარდა ამისა გულის ამოჭრის შემდეგ, წყალი შედარებით მარტივად მოხვდება კომბოსტოს შიდა შრეებში.