დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობას ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ეტაპობრივად დანერგვის პრინციპის შემოღებას სთავაზობს.დევი ხეჩინაშვილის თქმით, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება საქართველოში ტექდათვალიერების მსგავსად, რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს.მისივე თქმით, შესაცვლელია კანონპროექტით გათვალისწინებული სატარიფო ბადეც.დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტომობილების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება სპეციალურად შექმნილი ბიუროს ფონდიდან მოხდება. ირაკლი თუთარაშვილის განცხადებით, თავად ბიუროს ფონდში თანხა მოზიდული სადაზღვევო პრემიიდან კომპენსირდება. შეგახსენებთ, რომ სავალდებულო დაზღვევა საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილის მფლობელზე გავრცელდება. ამ მხრივ გამონაკლისი იქნება მხოლოდ დროებით შემოყვანილი, განუბაჟებელი ავტომობილები, რომელისთვისაც წლიური სადაზღვევო პრემიის გადასახადი არ იარსებებს.