ზოგჯერ ახალბედა დედები დაღლილობას სამშობიაროდან დაბრუნებისთანავე უჩივიან. დიდი შანსია, რომ ეს ჩვეულებრივი დაღლილობა თანდათან დეპრესიაში გადაიზარდოს. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს დაძაბულობა ცვლის, თანდათან ბავშვის მოვლა სიამოვნებას აღარ განიჭებთ, არც სახლში ფუსფუსი მოგწონთ. ამ დროს ქალებს აგრესიულობა, უძილობა, ან პირიქით, ძილიანობა და მოთენთილობა აღენიშნებათ. აღიზიანებთ ნებისმიერი რჩევა და შენიშვნა, რომელსაც ნათესავები უხვად იძლევიან. ახალგაზრდა დედა გრძნობს, რომ დასვენება სჭირდება, მაგრამ როგორ გინდა წამოწვე, როცა ჭურჭელი დასარეცხია, საჭმელი მოსამზადებელი და ბავშვის ზეწრები გასარეცხი? დეპრესია გამოცდილ დედებსაც ემუქრებათ. როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, დედები უკვე მექანიკურ შრომაზეა არიან გადასულნი, დღეები ერთმანეთს ჰგავს. დედების უნეტესობას ეჩვენებათ, რომ ცხოვრება მხოლოდ რუხი დღეებისგან, მოვალეობებისგან, საშინაო საქმეებისგან შედგება. ხალისიანი დღეები კი მხოლოდ სერიალებიდან მოჩანს.არც არის გასაკვირი, რომ 24 საათის განმავლობაში "დედად" მუშაობის შემდეგ ქალს სურვილი უჩნდება, საკუთარი თავისთვისაც გამონახონ დრო. თუ დედამ მოდუნება და ემოციურად დასვენება ვერ შეძლო, თანდათან ირთვება მექანიზმი, რომელსაც დეპრესია მოჰყვება. სამწუხაროდ, ამ უარყოფით ენერგიას დედა ისევ ახლობლებზე გადმოანთხევს, ძირითადად, ქმარსა და შვილებზე. შედეგად ცოლ-ქმარს შორისაც იძაბება ურთიერთობა .დეპრესია ყველაზე ხშირად იმ დედების ხვედრია, რომლებმაც თავიდანვე მოვალეობების მაღალი სტანდარტი დაუწესეს საკუთარ თავს, რომლის შესასრულებლადაც ძალა აღარ ჰყოფნით. უბრალოდ, ვერ შეაფასეს თავიანთი შინაგანი რესურსი. ყეველაფერს ვერ მოასწრებთ, ამიტომ გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ იმ წუთას თქვენ და თქვენს ოჯახს. დედამ აუცილებლად უნდა დაისვენოს როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად. შეხვდეს ახლობლებსა და მეგობრებს, მოუსმინოს მუსიკას , უყუროს ხანდახან თუნდაც სერიალს, რომელზეც გადაერთვება. ითამაშოს ბავშვთან ერთად, იცინოს, გამხიარულდეს. შეიძლება ხელსაქმემაც მოგგვაროთ სულიერი სიმშვიდე - ქსოვამ, ქარგვამ, ხატვამ, ან სულაც კულინარიამ.გამოყავით ამისთვის კვირაში ერთი დღე, როცა უბრალოდ გარეთ გახვალთ, მარტო, თუნდაც ორი საათით. ეს დრო მხოლოდ თქვენი უნდა იყოს. გაისეირნეთ მეუღლესთან ერთად, მოიწყვეთ რომანტიკული ვახშამი ან სტუმრად ეწვიეთ მეგობრებს, იშოპინგეთ, იყიდეთ რაიმე სასიამოვნო თქვენთვის, შედით სილამაზის სალონში და მოუარეთ თავს, თან ამ დროს მორალურადაც დაისვენებთ. თუ გასვლას ვერ ახერხებთ, შინ მოიწყვეთ მასაჟის კაბინეტი არომატული სანთლებით. ეს ღონისძიება საღამოს დაგეგმეთ ან ბავშვის დღის ძილის დროს. დაურეცხავი ჭურჭელი და მოსაწმენდი იატაკი მოიცდის. დასვენებული და კმაყოფილი დედა კი ოჯახში ჰარმონიისთვის აუცილებელი პირობაა.