რა იგეგმება "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე და როგორია მესაკუთრეების ხედვა - Palitra News

რა იგეგმება "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე და როგორია მესაკუთრეების ხედვა

2019-02-28 18:54:26+04:00

ელიავას ბაზრობის მესაკუთრებმა ტერიტორიის განვითარების რვა პროექტი შეიმუშავეს და მერიის წარმომადგენლებს, გარემოსდამცველებს და ექსპერტებს გააცნეს. საუბარია, დაახლოებით შვიდ ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელზეც ამ დროისთვის სხვადასხვა დანიშნულების მაღაზიებია განთავსებული. პროექტის მიხედვით, ადგილზე სავაჭრო ობიექტების პარალელურად, რეკრეაციული და გასართობი ზონა უნდა განვითარდეს. რა თანხის ინვესტირება განხორციელდება პროექტში ამ ეტაპზე უცნობია. ბაზრობის მესაკუთრეები მერიის მიერ პროექტის განხილვას და მათგან თანხმობის მიღებას ელიან. სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ ადგილზე დასაქმებულებს იჯარის გადასახადი არ გაუძვირდებათ. ცნობისთვის, თითქმის 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოს დღეს გადაეგზავა. გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილი რეკრეაციულ სივრცედ მეორე კი საქმიან ზონად უნდა განვითარდეს. განხილვის საგნად რჩება ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანის საკითხიც.