ტკბილეული ყველა ბავშვს უყვარს. მშობლებმა კი საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ თითქმის შეუძლებელია გააგებინო ბავშვს, რა მავნებელია ბევრი ტკბილი. არსებობს შედარებით უწყინარი ტკბილეულიც, მაგრამ შოკოლადი მათ რიცხვში არ შედის - ბავშვების ეს საყვარელი ნუგბარი არც ისე უსაფრთხოა. ბევრი დედა ფიქრობს, რომ ბავშვმა ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ჭამოს. სამწუხაროდ, ისეთი ძლიერ ალერგიული პროდუქტი, როგორიც შოკოლადია, ამ "ყველაფერში" შედის. მნიშვნელობა არა აქვს, პატარას ოდნავ აალოკინეთ თუ მოაკბეჩინეთ შოკოლადი - მთავარია, რომ მისი კონტაქტი კაკაოს პროდუქტთან უკვე შედგა. მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით პატარას ორგანიზმს თავიდანვე შეაჩვევენ ალერგენს და მომავალში ალერგიისგან დაცულები იქნებიან, ძალიან ცდებიან. რა თქმა უნდა, პირველად მიღებისთანავე დიათეზი არ გაუჩნდება, მაგრამ მეორე და მესამე ცდის შემდეგ ალერგიის პირველი ნიშნები უკვე სახეზე გვექნება. მცირე ასაკში გამოვლენილმა ალერგიამ კი მომავალში შესაძლოა მძიმე ალერგიული პრობლემები გამოიწვიოს და ბავშვის რაციონის მკვეთრად შეზღუდვა მოგიხდეთ. ანუ კითხვაზე, გავასინჯოთ თუ არა წლამდე ბავშვს შოკოლადი - პასუხი ცალსახად არის არა.ერთი წლის ჯანმრთელი ბავშვისთვის თითქმის ყველა საკვები პროდუქტის მიღება შეიძლება. მშობლებმაც შეიძლება ჩათვალონ, რომ ბავშვი უკვე დიდია და შეიძლება შოკოლადზე აკრძალვაც მოვუხსნათ. ვინც ფიქრობს, რომ შოკოლადი პატარა ბავშვს არაფერს ვნებს, შეგახსენებთ მის შემადგენლობას: კაკაოს გარდა ეს ტკბილეული შეიცავს ცხიმებს, რომლებიც ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დიდ დატვირთვას ახდენენ, განსაკუთრებით კი კუჭქვეშა ჯირკვალზე, და დიდი რაოდენობით შაქარს. ანუ ერთიდან სამ წლამდე ბავშვისთვის შოკოლადის ჭმევა სარისკოა. ყოველ შემთხვევაში მისმა დღიურმა ნორმამ 40 გრამს არ უნდა გადააჭარბოს.