გერმანელი მეცნიერები აფრთხილებენ მშობლებს, ნუ მიაჩვევენ ბავშვებს მობილურ მოწყობილობებს. მათ გასართობად და გასაჩუმებლად სხვა საშუალებები გამოიყენონ, რადგან ე.წ. სმარტფონები დიდ ზიანს აყენებს ბავშვების როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ განვითარებას.
"მშობლებს ყოველთვის უხარიათ, რომ ცეროდენა საოცრად მოხერხებულად მანიპულირებს მობილური მოწყობილობით, ჰგონიათ, რომ ეს ბავშვის უნიკალური მონაცემების მანიშნებელია, სინამდვილეში ასე არ არის. 12 წლამდე ბავშვებს საერთოდ არ სჭირდებათ მობილური მოწყობილობები", - აცხადებენ გერმანიის ტერიტორიაზე ჩატარებული ფართომასშტაბური კვლევის BLIKK-Medien ავტორები.მათ საფუძვლიანად შეისწავლეს 6 ათასამდე ბავშვი და გამოკითხეს მათი მშობლები. როგორც კვლევის შედეგებით ირკვევა, იმ ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობის ასაკიდან რეგულარულად აქვთ შეხება მობილურ მოწყობილობებთან, ძალიან ხშირად აღენიშნებათ მოტორული ჰიპერაქტიურობა, ანომალური სწრაფვა და დიდი მიდრეკილება აქვთ ტკბილეულისადმი, ასევე გამოირჩევიან ჭარბი წონითა და დაბალი კონცენტრირების უნარით. ყოველივე ეს კი ბავშვების შემდგომი განვითარებისთვის ძალიან სახიფათოა.