მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტის კომპანია Apple-ის მოგება 2019 წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით არის შემცირებული. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული. გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 29 ივნისს დასრულდა, Apple-ის მოგებამ 10 მილიარდ 40 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 11 მილიარდ 500 მილიონი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საერთო შემოსავალი 53 მილიარდ 800 მილიონი დოლარი იყო.
1976 წელს დაფუძნებული კომპანია Apple ბაზარზე წარმოდგენილია სმარტფონებით, კომპიუტერებით, პლანშეტებით, ლეპტოპებით, მუსიკალური დამკვრელებითა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციით. კორპორაცია, დღეისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას წარმოადგენს. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ გასული წლის შემოდგომაზე 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, ამ მომენტისთვის 960 მილიარდ დოლარს შეადგენს.