სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისთვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 17.1 პროცენტით გაიზარდა და 2 ათას 421 ტონით განისაზღვრა. აქედან, კობრისებრთა ოჯახის წილი 59 პროცენტი, ორაგულისებრთა ოჯახის - 24.2, ზუთხისებრთა - 15.7 პროცენტი, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის წილი - 1.1 პროცენტი იყო.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის მწარმოებლის საშუალო წლიური ფასი 8 ლარი და 90 თეთრი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის - 7 ლარი, თეთრი ამურის - 6 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - 3 ლარი და 80 თეთრი ღირდა, რუსული და ციმბირული ზუთხის ფასი - 25 ლარსა და 30 თეთრს; ხოლო ევროპული ლოქოს ღირებულება - 14 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა.