აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციის გამო გააუქმა.
"დანია განსაკუთრებული ქვეყანაა და იქ გასაოცარი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის კომენტარის გამო, რომ მას გრენლანდიის შესყიდვის საკითხის განხილვა არ სურს, ჩვენს შორის 2 კვირაში დაგეგმილ შეხვედრას სხვა დროისთვის გადავდებ", - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, ტრამპმა დაადასტურა, რომ მსოფლიოს უდიდესი კუნძულის, გრენლანდიის ყიდვით არის დაინტერესებული. თუმცა, შეთავაზებას უარით უპასუხეს გრენლანდიისა და დანიის ოფიციალურმა პირებმა.
"გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ ის ღიაა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობისთვის, მათ შორის შეერთებულ შტატებთანაც", - განაცხადა გრენლანდიის ტერიტორიის პრემიერმა კიმ კილსენმა.
გრენლანდია, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, ჩრდილო ატლანტიკისა და არქტიკის ოკეანეებს შორის მდებარეობს. ის ამჟამად დანიის ავტონომიური ტერიტორიაა.