რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა. კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ თუკი საუდის არაბეთი "ჭკვიანურ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას" მიიღებს და რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს შეიძენს, თავის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი ინფრასქტრუქტურული ობიექტის დაცვას შეძლებს.
"ჩვენ მზად ვართ საუდის არაბეთს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჭკვიანური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორც ეს ირანელებმა გააკეთეს, როცა მათ S-300 შეიძინეს და ასევე პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც რუსეთისგან S-400 შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს. შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, ირანი დაადანაშაულა, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ბრალდებას "უაზრო და გაუგებარი" უწოდა.