შრომითი უფლებების დამცველი "სოლიდარობის ქსელი", შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. ორგანზიაციაში ამბობენ, რომ იმ ცვლილებებით, რაც ამ ეტაპზე გაჟღერდა, დასაქმებულების მდგომარეობა დიდი ალბათობით გაუარესდება. ახალი კანონპროექტი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონპროექტით, აკრძალულია ერთზე მეტ სრულ ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება. "სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული კანონპროექტით, დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობა ირღვევა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აუცილებელია დადგინდეს მინიმალური ხელფასის ზღვარი. სწორედ ამ ინიციატივით "სოლიდარობის ქსელი" უახლოეს მომავალში პარლამენტს მიმართავს და მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს.