FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, სექტემბერში, მცენარეულ ზეთზე გაზრდილი და შაქრის შემცირებული ფასების ხარჯზე სტაბილური დარჩა და 170 ერთეული ქულა შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.3%-ით მეტია.გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, უწყვეტად, მეცხრე თვეა იზრდება FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი. კერძოდ, აგვისტოსთან შედარებით მატებამ 0.8% შეადგინა. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტია. ცნობისთვის, ჩინეთი ხორცის და ხორცპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია.მათივე ინფორმაციით, სექტემბერში სტაბილურად უცვლელი იყო FAO-ს მარცვლეულის ფასებიც, უმნიშვნელოდ შემცირდა ბრინჯის ფასების ინდექსი. ამასთან, სექტემბერში მცენარეულ ზეთზე, მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, წინა თვესთან შედარებით პროდუქტზე ფასი 1.4%-ითაა გაზრდილი. FAO-ს მონაცემებით, აგვისტოს შემდეგ 3.9%-ითაა შემცირებული შაქრის ფასების ინდექსი, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 0.6%-ით შემცირდა.ცნობისთვის, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.