გაზეთი "კვირის პალიტრა" რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს აქვეყნებს.
კერძოდ, ექსკლუზიურად მოპოვებული, მიხეილ ღებიანურის ჩვენების თანახმად, გამტაცებლებსა და მუმლაძეს შორის მანქანაში, სადაც მას თავისუფლება აღუკვეთეს, მცირე საუბარი შედგა. როგორც ღებიანური ყვება, დავით მუმლაძეს უხაროდა, რომ პოლიციელებთან ერთად იყო, ვინაიდან მას მტრები ჰყავდა და მათ ხელში აღმოჩენა არ უნდოდა. ამასთან, სამართალდამცველების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათ აღნიშნულ საქმეში გარკვეული თანხაც აიღეს.
"4 000 ლარიდან 1.600 ლარი ვალი გავისტუმრე. 900 ლარით დავფარე მინიკრედიტის ვალდებულება, 900 ლარი ასევე გადავიხადე "ლიბერთი ბანკში", 200 ლარი ვალი დავუბრუნე ჩემს მეგობარ ლევანს, რაც შეეხება 200 ლარს, ვიყიდე სურსათი...", - ამბობს მიხეილ ღებიანური.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.