სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არაა და დროა, სახლში წავიდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ეს ჩვენი საზღვარი არაა. აშშ წესრიგის დამცველი აგენტი არ არის და დროა, სახლში წავიდეთ. ჩვენ აქ არ უნდა ვიხოცებოდეთ", - აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, ქურთები "ანგელოზები არ არიან" და შესაძლოა "ქურთების მუშათა პარტია" ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო". მან ასევე განმარტა, რომ აშშ სიტუაციას აკვირდება და ცდილობს, თურქეთი სწორ გზაზე დააყენოს.
"ჩვენი ჯარისკაცები სირიას ტოვებენ, მათ საფრთხე აღარ ემუქრება. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობთ, თურქეთი სწორ გზაზე დავაყენოთ, ვინაიდან ნებისმიერი ომის შეჩერება გვსურს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.