საქართველო საერთაშორისო აქტუარულ კონფერენციას მასპინძლობს. 2-დღიანი ღონისძიება რეგიონში პირველად, სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი აქტუარული პროფესიის განვითარებას. აქტუარის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთ მცირერიცხოვან პროფესიათა რიცხვს განეკუთვნება. აქტუარებს გააჩნიათ ცოდნა და უნარები, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანალიზისა და გრძელვადიანი ვალდებულებების შეფასების განსახორციელებლად. შესაბამისად, ის ამოცანები რომელთა შესრულებაც აქტუარს უწევს არის: სადაზღვევო რისკების შეფასება, საიდანაც ხდება სადაზღვევო ტარიფების განსაზღვრა, ტექნიკური რეზერვების გაანგარიშება, ზარალების სტატისტიკური ანალიზი, კორპორატიულ დაგეგმარებაში მონაწილეობა, ახალი სადაზღვევო პროდუქტის სამართლიანი ფასის განსაზღვრა, კატასტროფების ფინანსური შედეგების პროგნოზირებაში მონაწილეობა, საინვესტიციო პროგრამების ანალიზი და სხვა. ,,ალდაგის“ წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული მიმართულებები კომპანიის ძლიერი მხარეა და მათი მიზანია კიდევ უფრო შეუწყონ ხელი საქართველოში სადაზღვევო ბიზნესის, კერძოდ კი აქტუარის პროფესიის განვითარებას. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყრუადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რისკების მენეჯმენტი, გადახდისუნარიანობა, საკანონმდებლო ჩარჩო სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებაში, პროდუქტები, ტარიფები, ბაზრის სტატისტიკა, გადაზღვევის გადაწყვეტები, მონაცემთა მნიშვნელობა, აქტუარული შეფასებისა და რისკის მოდელები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სადაზღვევო ბიზნესის, კერძოდ კი, აქტუარული სფეროს წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც საკუთარ გამოცდილება ადგილობრივ პროფესიონალებს გაუზიარეს.