მსოფლიოში მილიარდელების ფინანსური მდგომარეობა 2018 წელს 388 მილიარდი დოლარით ანუ 4,3%-ით შემცირდა და 8 ტრილიონ 500 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის UBS-ს, საკონსულტაციო კომპანიის PwC ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე ანგარიშის მიხედვით, მილიარდელების ფინანსური მდგომარეობა განსაკუთრებით ჩინეთში შემცირდა. კერძოდ, 2018 წელს ჩინეთში მილიარდელთა რაოდენობამ 8%-ით იკლო და 436 ადამიანით განისაზღვრა. რაც შეეხება მათ ქონებას, 6%-ით შემცირდა და ტრილიონ 380 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აზიაში მილიარდელთა რიცხვი 7%-ით, მათი ქონება კი 5%-ით არის შემცირებული. ანგარიშის თანახმად, ამჟამად აზიაში 754 მილიარდელია, რომელთა ქონება 2 ტრილიონ 500 მილიარდს შეადგენს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, აქ მილიარდელთა რიცხვი 2018 წელს 4,8%-ით გაიზარდა და 749 ადამიანი შეადგინა. თუმცა, მათი ზოგადი ქონებრივი მდგომარეობა თითქმის, არ შეცვლილა და 3 ტრილიონ 600 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. 1 წლის განმავლობაში მილიარდელების საერთო რაოდენობა 3%-თ შემცირდა რუსეთშიც და 98 ადამიანით განისაზღვრა. მათი ფინანსური მდგომარეობა კი 2,9%-ით შემცირდა და 421 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ UBS ბანკმა 43 ქვეყნის 2101 მილიარდელის ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა.