კომპანია Tesla-მ მის პირველ ელექტრო პიკაპზე Cybertruck-ზე 146 ათასი შეკვეთა მიიღო. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მასკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოთხოვნის გასაზრდელად კომპანიას ამ მოდელთან დაკავშირებით მასშტაბური სარეკლამო კამპანია არ უწარმოებია და არც ცნობილი ადამიანები მიუწვევია.
Cybertruck-ი პირველად ლოს-ანჯელესის საავტომობილო შოუზე 21 ნოემბერს წარმოადგინეს. ელექტრო-პიკაპი სამ ვარიანტად იქნება ხელმისაწვდომი. ყველაზე სრულყოფილი მოდელი სამი ძრავით იქნება წარმოდგენილი და მას ერთჯერადი დამუხტვით 800 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია.
ცნობისთვის, ყველაზე მარტივი კომპლექტაციის მოდელის ფასი 40 ათასი დოლარიდან, ყველაზე მძლავრის კი 70 ათასი დოლარიდან დაიწყება.