საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სულ გაცემულია 593 ათას 814 პოლისი, რაც 40 ათას 139-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 180 მილიონ 970 ათასი ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „იმედი L“-ზე მოდის. კომპანიამ წელს ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში 62 მილიონ 110 ათას ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 34% დაიკავა. ხუთეულში შედიან - „ჯიპიაი“ 42 მილიონ 510 ათასი ლარით; „არდი“ – 25 მილიონ 750 ათასი ლარით; „ირაო“ 11 მილიონ 510 ათასი ლარით და „პსპ“ 9 მილიონ 710 ათასი ლარით.
2019 წლის იანვარ-სექტემბერში სადაზღვევო კომპანიების მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 481 მილიონ 850 ათასი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 33 მილიონ 770 ათასი ლარი იყო, აქტივები 835 მილიონ 950 ათას ლარს, ხოლო კაპიტალი 245 მილიონ 90 ათას ლარს შეადგენდა.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მესამე კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს.