რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, აშშ-ის არჩევნებში არ ჩაერიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინასთან კონფლიქტი მოაგვაროს. თავის მხრივ სერგეი ლავროვმა შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე არჩევნების საკითხი საერთოდ არ განუხილავთ. ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს აშშ-სთან კომუნიკაციის გასაჯაროვება სურდა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა, თუმცა ვაშინგტონმა მისი გავრცელება დაბლოკა. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა კომუნიკაციას გულისხმობდა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდა.