ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება, რომელიც ქვეყანაში ერთ წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში ჩატარებული მესამე არჩევნები იქნება. პარლამენტის დაშლასა და ახალი არჩევნების დანიშვნას 94 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, გადაწყვეტილების წინააღმდეგ კი ხმა არცერთ დეპუტატს მიუცია.
კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქე ბენი განცმა შეძლო. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდს" პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ბენი განცის პარტიას "ლურჯი და თეთრი" კი - 33. მესამეზე ადგილზე გასულ "არაბთა გაერთიანებულ სიას" 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები დაიწყო და ჯერ ნეთანიაჰუს, შემდეგ კი განცს კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა.
სექტემბრის ვადამდელი არჩევნების გამართვა აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც ნეთანიაჰუს პარტიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა და მოკავშირეებთან კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა.