ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე კვლავაც ჭარბი მიწოდება შენარჩუნდება. სიჭარბეს ხელს ვერ შეუშლის ვერც OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) და მისი არაწევრი პარტნიორების მიერ, ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის გაზრდა და ვერც შტატებში მოპოვების შემცირების მოლოდინი.
OPEC-ის და მისი პარტნიორი ქვეყნების მიერ, ახლახანს მიღებული გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველ ნახევარში, დღიური მიწოდება 2 მილიონ 100 ათასი ბარელით შეიზღუდება. IEA კი ვარაუდობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, წლის პირველ ნახევარში მიწოდება მოთხოვნაზე დღიურად 700 ათასი ბარელით მეტი იქნება, ხოლო წლის მეორე ნახევარში სხვაობა დღეში მილიონ ბარელსაც კი მიაღწევს.
OPEC-ის არაწევრ ქვეყნებს შორის, მიწოდებას ყველაზე მკვეთრად შეერთებული შტატები, ბრაზილია და განა შეკვეცავენ. ყველაზე მეტად, მოპოვება შტატების ფიქალურ საბადოებზე შემცირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები მომპოვებლებს ხარჯების შეკვეცისკენ მოუწოდებენ, რათა მეტი მოგების მიღება შეძლონ. ამის შედეგად, თუ წელს შეერთებულ შტატებში საშუალო დღიური მოპოვება მილიონ 600 ათას ბარელს აღწევს, მომავალ წელს ის მილიონ 100 ათას ბარელამდე შემცირდება.