ინფექციურ დაავადებათა ბაქტერიული გამომწვევები სულ უფრო რეზისტენტულნი ხდებიან, ანუ მდგრადობას იჩენენ ანტიბიოტიკებისადმი. სუპერბაქტერიათა გამძლეობის დასამარცხებლად კი ახალი ანტიბიოტიკებია საჭირო. იუსტუს ლიბიხის უნივერსიტეტის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი პეპტიდი - დარობაქტინი, რომელიც გრამუარყოფით ბაქტერიებზე ახდენს იერიშს. როგორც ცნობილია, ბევრი პათოგენისათვის დამახასიათებელია მკვრივი შიდა მემბრანა, რომელიც იცავს მათ ანტიბიოტიკების შემოტევისგან. დარობაქტინი არასტანდარტული გზით მოქმედებს, პირდაპირ უკავშირდება ცილას , რომელიც გრამუარყოფითი ბაქტერიების შიდა მემბრანაზეა განთავსებული,შედეგად ბაქტერიის მემბრანა ირღვევა, რაც პათოგენის დაღუპვას იწვევს. დარობაქტინმა უკვე წარმატებით დაამარცხა ისეთი ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამები, როგორებიცაა Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli და Klebsiella pneumonia. მეცნიერთა განცხადებით, ამ ახალ ანტიბიოტიკს დიდი მომავალი აქვს ინფექციურ დაავადებათა მკურნალობაში.