მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დააჯარიმა, „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი ბუკიას შვილს, ნათია ბუკიას ეკუთვნის.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს შპს (შეპესე) „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ კი - 124 ათას 950 ლარი შეადგინა.
კომპანია „ქარვა“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლის ივლისიდან დღემდე ნათია ბუკიაა. ის არის გოდერძი ბუკიას შვილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხობის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარადგინა. თუმცა, დასახელებიდან ერთ თვეში ბუკიამ დეპუტატობა გადაიფიქრა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება დასახელდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ბუკია ხობის მაჟორიტარი დეპუტატი უკვე იყო. ამასთან, 2012 წელს ის აირჩიეს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ პარტია მალევე დატოვა. გოდერძი ბუკია 4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.