გენერალურ პროკურატურასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ 166-ე მუხლის დარღვევისთვის სცნო დამნაშავედ, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ადმინისტრაციული სახდელის სახით 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.