საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.
ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია "სიონის მეგობრები", რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის "სიონის მეგობართა ორგანიზაციის" უმაღლეს ჯილდოს გადასცემს. ეს ჯილდო მიღებული აქვთ აშშ-ს პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.
იერუსალიმსა და თელავივში სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრში, ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ასევე გამოცდილების გაზიარების მიზნით, შშმ პირთა, გასაჭირში ჩავარდნილი პირებისა და მოხუცთა დახმარების სწრაფი რეაგირების ორგანიზაციასთან "იად სარა".
სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებსა და ისრაელში დაბადებულ ქართველ ებრაელთა წარმატებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.
ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.