ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მას შეაგინა და დაემუქრა. რობაქიძემ, რომელსაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, იმ მომენტში, როცა ინციდენტი მოხდა, მას ოხანაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი არასრულწლოვანი შვილები არ დაუნახავს. რაც შეეხება ინციდენტის დეტალებს, რობაქიძე აღნიშნავს, რომ არავითარი ფიზიკური დაპირისპირება მასსა და ოხანაშვილს შორის არ მომხდარა.
თავის მხრივ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და შემდეგ ეს ყველაფერი თავად მას დააბრალოს.