საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგება.
გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.