ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" Boeing 737-ის ჩამოგდების შესახებ თავისი მეორე წინასწარი მოხსენება გამოაქვეყნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოინგი საზენიტო სარაკეტო სისტემიდან გასროლილი ორი რაკეტის შედეგად ჩამოვარდა. მათი ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 6:12 საათზე აფრინდა და დისპეტჩერებთან კონტაქტი 8,100 ფუტის სიმაღლეზე დაკარგა. 6:15 საათზე ბოინგი მეორადი სადამკვირვებლო, ხოლო 6:18 საათზე მთავარი რადარებიდან გაუჩინარდა.
შეგახსენებთ, რომ თეირანთან ახლოს "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომა" გახდა.