დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით კორონავირუსის საქართველოში გავრცელების თეორიული რისკი არსებობს. მან ისაუბრა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და აღინიშნება 31 დეკემბრიდან. რაც შეეხება სიმპტომებს, ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება.
გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ჩვენი დროით 18:00 საათზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც გაანალიზდება არსებული მონაცემები და კომიტეტი მიიღებს რეკომენდაციებს ქვეყნებისადმი. ხვალ კი 10 საათზე სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც ცენტრი წარადგენს წინადადებებს და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი სამომავლო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.