თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.
დარბაზის დატოვებამდე მან განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აგრესია კალანდიას უფლებადამცველების მისამართით არის, რადგან მისივე თქმით, ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო.
მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ დარბაზი დატოვა, განცხადება გააკეთა კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ პასუხი ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს და არა მას და კალანდიების ოჯახს.