საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველს აკრიტიკებს. მისი თქმით, როდესაც სახალხო დამცველს უთხრეს, რომ მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან და ოპოზიციის ლიდერებთან დადიოდა, მეორე-მესამე დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა. მან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომელიც გუშინ, სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოსვლისას დაინტერესდა, თუ საიდან მიიღეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა მისი „მატროსოვის ციხეში“ მისვლის თაობაზე.
ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი შეხვედრაზე უარი განაცხადა.