ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ყატარის სახელმწიფო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა. ნათია თურნავა ყატარში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა სამთავრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლებთან. მინისტრის თქმით, ყატარის მთავრობას აინტერესებს როგორც საქართველოს გავლით სახმელეთო გზების გამოყენება, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება და შავ ზღვაზე გარკვეული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველყოფა. ამასთან, ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა და სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისების განვითარება. თურნავას შეფასებით ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან პოზიტიური დიალოგი შედგა, რასაც შემდგომში კერძო კომპანიების ჩამოსვლა და კონკრეტული პროექტების შეთავაზება მოჰყვება. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინსიტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვის კუთხით.