2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 74 მილიონ 200 ათასი ლარით შემცირდა და 31 მილიარდ 49 მილიონ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 21.4% შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე სესხების წლიური მატება 15% იყო. სებ-ის განმარტებით, საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების კლებამ. საკრედიტო პორტფელის 88% გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39 %-ს შეადგენდა.