„საქსტატის“ მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით გაიზარდა და 31 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 13 მილიარდ 400 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 15.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.საანგარიშო პერიოდში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
ამასთან, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 713 ათას 900 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.7 პროცენტი ქალია, ხოლო 58.3 პროცენტი - კაცი.