ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. „ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის, შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.
მისი ქონება კი მცირდება. „ბლუმბერგის“ მილიარდერების რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხვდება. მისი ქონება ბოლო დღეების განმავლობაში 50 მილიონი დოლარით შემცირდა. კერძოდ, 9 მარტის მონაცემებით, მისი ქონება 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, 11 მარტის მდგომარეობით კი - 5 მილიარდ 250 მილიონი დოლარია. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 331-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს მილიარდ 267 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.