„როიტერსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კონკურენტი „ეარბასის“ მსგავსად, „ბოინგი“ დიდი, ორგასასვლელიანი თვითმფრინავების წარმოების დროებით გაჩერებას აპირებს. ამერიკულ კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის და რა დროით შეაჩეროს წარმოება. ამ ეტაპზე, ეპიდემიის გავრცელების პროგნოზის და მომარაგების ჯაჭვის ქმედუნარიანობის განხილვა მიმდინარეობს.
კორონავირუსის ეპიდემია შეერთებულ შტატებსაც მოედო და სწრაფად ვრცელდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ, მკვეთრად შეკვეცა საჰაერო მიმოსვლა. ამის გამო, ავიაგადამყვანებს, მათ ხელთ არსებული ლაინერების მოცდენა უწევთ. შედეგად, ახალ ლაინერებზე მოთხოვნა კლებულობს.
ცნობისათვის, „ბოინგის“ სიეტლის ერთ ქარხანაში, სადაც 70 ათასი ადამიანი მუშაობს, კორონავირუსის 14 შემთხვევაა დადასტურებული. იმავე ქალაქის მეორე ქარხანაში, არაერთი თანამშრომელი კარანტინშია მოთავსებული. საშიშროების გამო, თანამშრომელთა ნაწილი უკმაყოფილებას არ მალავს და „გარდაუვალი საფრთხის“ გამო, მუშაობას აჩერებს.