ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.
ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.