საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების მიერ სპეციალურად მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო ექიმები ყველა შემსვლელ და გამომსვლელ პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებენ. თითოეულ საგუშაგოზე ოთხი მედიკოსი და ერთი ექიმია მობილიზებული. ისინი სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურით არიან აღჭურვილნი. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქე მედიკოსებს საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ, სადაც პუნქტის ექიმის მიერ ხდება ტემპერატურის გადამოწმება, კონტაქტების მოძიება და სიმპტომების შესახებ ინფორმაციის დამუშავება. მაღალი ტემპერატურის დადასტურებისას უფროსი ექიმი ეპიდემიოლოგიურ ჯგუფსა და აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრს აწვდის ინფორმაციას, მოქალაქე კი მარნეულის ან თბილისის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.