საქართველოს მთავრობა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი ორი რეისი: ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებით - შედეგად, საქართველოს 250-მდე მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.
აღნიშნული რეისებით მოემგზავრებიან, როგორც ამ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეები, ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმყოფებოდნენ და ვარშავასა და ბერლინში მოახერხეს ჩასვლა.
აღსანიშნავია, რომ რეისებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებიც, კერძოდ, ფეხმძიმე ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.