ეკონომიკის სამინისტრო ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიულ მომსახურებას ყიდულობს, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 200 000 ლარია. იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზეზად, ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში სახელმწიფოს ინტერესების სათანადოდ დაცვის მოტივი სახელდება.
აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის ფორმით მოხდება და მისი ღირებულების ანაზღაურება ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან იგეგმება.
როგორც მთავრობის განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ფოთის ნავსადგურის განვითარების პროექტისთვის აუცილებელია დიდი მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა, შესაბამისად, ინვესტორები მოლაპარაკებებისას იყენებს მაღალი დონის იურიდიული ფირმების მომსახურებას.