საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით 2020 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 17% შეადგინა. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. ამასთანავე გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ სექტორში. ეროვნული ბანკის განცხადებით მიმდინარე წელს კონტრციკლური გაზრდის საჭიროება არ დადგება. ხოლო უკვე სამომავლოდ კაპიტალის ბუფერების თავიდან დაგროვებისთვის კი საბანკო სექტორს მიეცემა საკმარისი დრო, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს.
შეგახსენებთ, რომ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის მიზანი საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტების შეზღუდვაა, რომელმა სისტემური რისკების შესაძლო ზრდა გამოიწვიოს.