ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად სამხედროების მობილიზების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
"პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს. ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან, რომლებიც შეურაცხყოფილები არიან იმით, რაც ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით ნახეს", - განაცხადა კუომომ.
მისივე თქმით, მომიტინგეებს შორის არიან „დესტრუქციული“ პირებიც, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა.
"ძარცვა და დანაშაულებრივი ქმედება შეუწყნარებელია, თუმცა აქციის მონაწილეებს ძალიან ცოტა ასეთი ადამიანი ურევია. მაგრამ ის, რაც დღეს პრეზიდენტმა გააკეთა, არის ამერიკელი სამხედროების ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოწოდება," - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.