რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად რამდენიმე მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"ორმოცდაათი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ხუთი ქალი, რომლებმაც ნებაყოფლობით გამოხატეს სურვილი მიიღონ მონაწილეობა თანამედროვე წამლის გამოცდაში, ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესამოწმებლად შეირჩა. ყველა კანდიდატმა გაიარა წინასწარი გამოკვლევა და ტესტირება. მათ ბოლო ერთი თვის განმავლობაში არანაირი დაავადება არ გადაუტანიათ", - აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 863 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 423 741-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს ქვეყანაში კიდევ 182 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დაღუპულთა რაოდენობამ 5 037-ს მიაღწია. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში.