სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა იმატა და სიტუაცია უარესდება.
"ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქ" ლაივის დროს.
მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან.
"ქვეყანაში დაახლოებით 20 000 ინფიცირებული ადამიანია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან. სწორედ ისინი არიან ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ. პრემიერის პრესსპიკერის ინფორმაციით, ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები, თავს კარგად გრძნობენ, არ აქვთ ტემპერატურა, სამთავრობო რეზიდენციაში არიან იზოლირებული და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან