ჩინეთის საგარეო უწყება სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გაკეთბული ბოლო განცხადებების გამო აკრიტიკებს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები არის უპასუხისმგებლო და რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას ანგრევს.
„აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადება უგულებელყოფს სამხრეთ ჩინეთის ზღვის შესახებ ისტორიას და ობიექტურ ფაქტებს, ასევე არღვევს აშშ-ის მთავრობის ღია ვალდებულებას სამხრეთ ჩინეთის ზღვის სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით, არღვევს და ამახინჯებს საერთაშორისო სამართალს. ის განზრახ იწვევს უთანხმოებას საზღვაო სუვერენიტეტის თაობაზე, ანგრევს რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას და არის უპასუხისმგებლო ქმედება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ აშშ ცილისმწამებლური ძალისხმევის კუთხით ვერასდროს მიაღწევს წარმატებას.
„ჩვენ გამოვხატავთ ძლიერ უკმაყოფილებას აშშ-ის შეცდომების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს შეწყვიტოს პრობლემების გამოწვევა სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხთან დაკავშირებით და აღარ განაგრძოს არასწორი გზით სვლა. ჩინეთი მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას“, - აცხადებს ჩჟაო ლიცზიანი.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს. მისივე თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები უკანონოა.