შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა. კერძოდ, უწყების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დაკავებულები დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.